English / ქართული / русский /
მარინა ენდელაძე ნათია წიკლაური
COVID-19-ის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე და სახელმწიფო ინვესტიციები ჯანდაცვის სისტემაში

ანოტაცია. მსოფლიოპანდემიის კრიზისის დასაძლევად პრიორიტეტებად მოიაზებოდა ის ფაქტორები, რომლებიც უზრუნველყოფდა სწრაფ გადასვლას ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებაზე, კერძო სექტორის ხელშეწყობაზე, ფინანსური სტაბილურობისა და ნდობის შენარჩუნებაზე, რაც უკიდურესად მნიშვნე­ლოვანი იყო ადამიანთა სიცოცხლისთვის.

საკვანძო სიტყვები:  დარგობრივი პოლიტიკა. ჯანდაცვა და სოციალური დაცვა. 

მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე  ჯანდაცვის სისტემასაც. ეკონომიკური კრიზისის საწინააღმდეგოდ ერთადერთი საბრძოლო ბერკეტი საბიუჯეტო სახსრები აღმოჩნდა. ეკონომიკური კრიზისის პირობებში თითქმის ყველა ქვეყანამ მიმართა გადასახადების შედარებით ლიბერალიზაციას.

კოვიდ-19-ის პანდემიის ზემოქმედების  შესამცირებლად მნიშვნელოვანი იყო ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ჯანდაცვის სისტემაში ინვესტიციების პრიორიტეტულობას განსაზღვრავდა და მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლადი პირებისთვის სოციალურ დახმარებას უზრუნველყოფდა. განსაკუთრებულად რთულ დროს, აუცილებელ გადამწყვეტ პრიორიტეტებად მოიაზებოდა ის ფაქტორები, რომლებიც უზრუნველყოფდა სწრაფ გადასვლას ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებაზე, კერძო სექტორის ხელშეწყობაზე, ფინანსური სტაბილურობისა და ნდობის შენარჩუნებაზე,  რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ადამიანთა სიცოცხლისთვის [3].   

პროგნოზები COVID-19-ით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებთან დაკავშირებით  გაურკვეველი აღმოჩნდა. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2020 წელს ეკონომიკური ვარდნისა და ზრდის მაჩვენებელი მოექცა -4.4 და -2.8 პროცენტს შორის. 2021 წელს დარგობრივი პოლიტიკის ღონისძიებების გატარების, სასაქონლო ფასების თანდათანობითი აღდგენისა და ვაჭრობის გაძლიერების შედეგად მოხდა მათი თანდათანობით გაზრდა. საჭირო გახდა „სოციალური დისტანცირება. არაარსებითი მნიშვნელობის მქონე კომპანიებისა და სკოლების დახურვა საჭირო ღონისძიებებია პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად და ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად [4]. ისეთი ღონისძიებების გატარება, როგორიცაა ფულადი ტრანს­ფერები, ჯანდაცვის სუბსიდიები, მოსახლეობისა და ოჯახების დახმარება, ასევე  მოკლევადიანი ბიზნესსესხები და კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება  მნიშვნე­ლოვანია ეკონომიკური ვარდნის შესამსუბუქებლად და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად. ასევე საჭიროებს მცირე და საშუალო საწარმოები სარგებლის მიღებას მიზნობრივი სახელმწიფო სუბსიდიებიდან.

საქართველოში მშპ-ის რეალური ზრდა, პროგნოზის თანახმად, მკვეთრად შემცირდა და 2020 წელს ნულოვან პროცენტს მიუახლოვდა, რამდენადაც COVID-19-ის ზემოქმედება დაემატა გამოწვევებით ისედაც აღსავსე საგარეო მდგომარეობას.  იგი ნაწილობრივ შერბილდა ფისკალური სტიმულირებით,  მშპ-ის დაახლოებით 2%-ით კაპიტალური ხარჯვის სიჩქარის შეკავებით, საგადასახადო დავალიანების დაფარვის გადავადებით, დღგ-ის დაბრუნების დაჩქარებით, დარგობრივი მხარდაჭერის აღმოჩენით ზემოქმედების ქვეშ მყოფი საწარმოებისთვის  და სოციალური ხარჯების ზრდით. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად  ფისკალურმა დეფიციტმა 2020 წელს მშპ-ის 5.2 პროცენტი შეადგინა.  ეკონომიკაზე მწვავე ზემოქმედება იქონია რამდენიმე ფაქტორმაც – სატრანსპორტო შეზღუდვების გავლენამ მოგზაურობაზე და ტურიზმზე,  შემაკავებელმა ღონისძიებებმა კი  შეამცირა ადგილობრივი მოთხოვნები [2].

მსოფლიო ბანკმა განახორციელა სწრაფი რეაგირება განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად  პანდემიაზე  რეაგირების გაძლიერების მიზნით დაავა­დებებზე დაკვირვების გასაზრდელად, ჯანდაცვის ინტერვენციების გასაუმჯობესებლად და კერძო სექტორის ხელშესაწყობად ოპერირებაში და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში. მსოფლიო ბანკმა ფინანსური დახმარების სახით დაახლოებით 160 მლრდ. აშშ დოლარი გამოიყენა მომდევნო 15 თვის განმავლობაში ქვეყნების ხელშესაწყობად, ღარიბი და სოციალურად დაუცველი ოჯახების დასაცავად, კომპანიების მხარდასაჭერად და ეკონომიკის აღდგენის გასაძლიერებლად.

მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა გახდა ნეგატიური (5%).  მიმდინარე კრიზისის გაღრმავების ფონზე, ასევე სამუშაო ადგილების შენარჩუნების წახალისების მიზნით, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით ბიუჯეტის მხოლოდ საგადასახადო შემოსავლები შემცირდა 1.3  მლრდ ლარით. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში დამატებითმა საჭიროებებმა 1.6 მლრდ ლარს მიაღწია. საერთო ჯამში, 2020 წლის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 9.1%-მდე გაიზარდა. კრიზისის საპასუხოდ განხორციელდა საერთაშორისო დახმარების სწრაფი მობილიზება და 1.7 მლრდ აშშ დოლარის დამატებითი სახსრების მოზიდვა. აღნიშნული რესურსები მიმართული იყო, შემცირებული საბიუჯეტო შემოსავლებისა და ანტიკრიზისული ღონისძიებებით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად [5]. სახელმწიფო ვალმა მშპ-სთან მიმართებით მიაღწია 59.9  [3].  

კრიზისის გლობალური ხასიათიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გაუარესდა მდგომარეობა საექსპორტო ბაზრებზე, რის შედეგადაც შემცირდა საქართველოდან ექსპორტი. კრიზისმა გავლენა მოახდინა შემოსავლების სხვა წყაროებზეც, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორზე. შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით გაიზრდა 9.7%-მდე. 2021-2024 კრიზისის ფონზე,  მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკური აქტივობა. შოკი იყო ორმხრივი როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების მხრიდან. ბიზნესების ნაწილს შეექმნა მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები, დაიკარგა სამუშაო ადგილები. აგრეგირებული მოთხოვნის კლება, უმუშევრობის ზრდა (როგორც დროებითი, ასევე გრძელვადიანი), სიღარიბის ხარისხისა და სიმწვავის გაუარესება, წნეხი ეროვნულ ვალუტაზე, ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების კლება – ეს ყველაზე ხილული ეკონომიკური ეფექტებია, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობა უკვე გრძნობდა.

კოვიდ-19-ის ეკონომიკური ეფექტი სერიოზულ გავლენას ახდენდა საგარეო ვაჭრობის ტენდენციებზე. საერთაშორისო ვაჭრობაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყნების ეკონომიკური პრობლემები, დიდი ალბათობით, გავლენას ახდენდა მათ მთავარ პარტნიორებზე აგრეგირებული მოთხოვნის შემცირების გზით.

საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობას პანდემიის ეფექტის ნიშნები თებერვლიდან  დაეტყო და ეს ივნისშიც გაგრძელდა. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი შედარებით სტაბილურია, ვიდრე სხვა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. 2020 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი ბულგარეთში, შვეიცარიასა და ესპანეთში გაიზარდა, შესაბამისად, 13.7%, 33.3% და 25.1%-ით. ექსპორტის ყველაზე მკვეთრი კლება აღინიშნა შემდეგ  ქვეყნებში: სომხეთი (-44.7%), უკრაინა (-36.9%), აშშ (-46/6%), რუსეთი (-24.5%) და აზერბაიჯანი (-15.3%).

ეკონომიკაში, სადაც არაფორმალური დასაქმების როლი მნიშვნელოვანია, ხოლო დამოკიდებულება ყოველდღიურ ფულად შემოსავალზე მაღალი, სოციალური სიტუაციის გაუარესება საკმაოდ მძიმე ზეწოლას ახდენს. ფულადი გზავნილები მნიშვნელოვანი ინდიკატორია გარე სამყაროზე დამოკიდებულების შესაფასებლად. საქართველო მოწყვლადია ეკონომიკური კრიზისების მიმართ, როდესაც ხდება: Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეფექტების შემცირება, ეკონომიკური დანაკარგების მინიმიზაცია; პანდემიამდე არსებული პოზიტიური ტენდენციების აღდგენა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.

აღნიშნული მიიღწევა ფისკალური დისციპლინის, სახელმწიფოს მიერ დაზარალებული ეკონომიკური სექტორების ხელშეწყობის, ქვეყნის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის მხარდაჭერისა და სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესების ეტაპობრივი ღონისძიებებით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მთავარ პრიორიტეტად დარჩება  ქვეყნის რეგიონული და საერთაშორისო კონკუ­რენტუნარიანობის გაუმჯობესება; კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობა; შიდა და უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა. ზემოაღნიშნულის მისაღწევად უზრუნველყოფილი იქნება სტაბილური მაკროეკო­ნომიკური ჩარჩო, გაუმჯობესებული ფისკალური დისციპლინა, სახელმწიფო ვალის ეტაპობრივი შემცირება, ფასების სტაბილურობა, მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობა, ბიუჯეტის დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება [6]. ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი მაკროეკონომიკური გარემოს შექმნისათვის აუცილებელი იქნება კოორდინირებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხორციელება, განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში. ამ მხრივ, აუცილებელია, ფისკალურ სტიმულებთან ერთად ამოქმედდეს მონეტარული პოლიტიკის მასტიმულირებელი ინსტრუმენტები, რათა მოხდეს შიდა ინვესტიციების ხელშეწყობა და სტიმულირების მასშტაბის ზრდა.  ფისკალური პოლიტიკის განხორციელებასთან ერთად, მნიშვნე­ლოვანი იქნება უცხოელი ინვესტორების მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივ ბაზარზე, რაც გარკვეულწილად შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს და შექმნის დამატებით მონეტარულ სტიმულებს. მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს უმუ­შევრობის დაბალი დონე, რომელსაც შედეგად მოჰყვება უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა და სიღარიბის დაბალი დონის მიღწევა, დეფიციტის შემცირებული დონე და ეკონომიკური ზრდისა და შემოსავლების ზრდის მაღალი მაჩვენებელი, ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმების განხორციელება ეკონომიკური სტაბილურობის გასა­ძლიერებლად, საქართველოს, როგორც ფართო რეგიონში წამყვანი რეფორმატორის, იმიჯის განმტკიცება. ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საგადასახადო მექანიზმის ოპტიმიზაციას, გადასახადების ფისკალურ და მასტიმულირებელ ფუნქციებს შორის რაციონალური თანაფარდობის დამყარებას, რაც დაგვეხმარება ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის დაძლევაში.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. მსოფლიო ბანკის მონაცემები www.data.worldbnak.org 7.
  2.  საქართველოს სტატისტიკის  ეროვნული სამსახურის მონაცემები www.geostat.ge
  3. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი CSRDG
  4. International Monetary Fund Guidelines-for-Public-Expenditure-Management-Section-3-BudgetPreparation-2%20(3).html
  5.  დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა. 2020. http://gov.ge/print.php?gg=1&sec_id=288&info_id=76283&lang_id=GEO 4.
  6. კორონავირუსის შესაძლო გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე  ქვეყნებისა და ეკონომიკის დარგების მიხედვით. 2020.